12 ქართველი კალათბურთელი პირველობისთვის – მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბევრი მოთამაშე გამოიცადა, ბევრი დებიუტანტი თუ გამოცდილი კალათბურთელი გატესტა ილიას ზუროსმა, საბოლოოდ კი შეირჩა 12 რჩეული ქართველი სპორტსმენი, რომელთა ვინაობაც 16 აგვისტოს გახდა ცნობილი:

🏀 თორნიკე შენგელია;

🏀 გიორგი შერმადინი;

🏀 გიორგი ცინცაძე;

🏀 რატი ანდრონიკაშვილი;

🏀 დუდა სანაძე;

🏀 გოგა ბითაძე;

🏀 მიხეილ ბერიშვილი;

🏀 სანდრო მამუკელაშვილი;

🏀 კახაბერ ჯინჭარაძე;

🏀 ლუკა ლიკლიკაძე;

🏀 გიორგი ტურძილაძე;

🏀 თად მაკფადენი.

იყო მოლოდინი, რომ ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ბექაურიც იქნებოდნენ საბოლოო 12-კაციან განაცხადში წინასასეზონო მატჩებიდან გამომდინარე, თუმცა მაღალი კონკურენციის პირობებში ასეთი ფორმაციის შემადგენლობა მივიღეთ, განსაკუთრებული სიურპრიზებისა და რადიკალური ცვლილებების გარეშე. დანარჩენი უკვე სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკურ მონახაზებზე, როტაციაზე, ყველა მოთამაშის ფიზიკურ კონდიციასა და სათამაშო უნარებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობის გამოცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სულ ახლოსაა საკალათბურთო სამყაროში გამორჩეული მნიშვნელობის მქონე, ყველაზე მასშტაბური და ფიზიკურად თუ ემოციურად დატვირთული ტურნირი – მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში: ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში გაიმართება. სამ ქვეყანაში გადანაწილდება მსოფლიოს ყველა კონტინენტის უძლიერესი 32 ნაკრები, რომლებიც თავის მხრივ რვა ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაბამისად, 2023-ის ტურნირი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, რაც ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს.

ჩვენი F ჯგუფი იაპონიაში, კერძოდ, ქალაქ ოკინავაში გამართავს შეხვედრებს –  სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე, ასეთია ჩვენი მეტოქეების ჩამონათვალი, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის, რომ ისტორიულ ტურნირზე ისტორიული შედეგი დავაფიქსიროთ.

მძიმე, დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა წინასატურნირო მოსამზადებელი პერიოდი ილიას ზუროსის გუნდისთვის, რომელმაც სულ 6 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა (3 მოგება) და ერთი საბოლოო, გენერალური რეპეტიციაც დარჩა ავსტრალიის ძალიან ძლიერ ნაკრებთან, მერე კი დაიწყება მსოფლიო მარათონი.

ხსენებული გენერალური რეპეტიცია (V ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრები) 22 აგვისტოს უკვე იაპონიაშივე გაიმართება, ბოლო ამხანაგური მატჩიდან 3 დღეში, 25 აგვისტოს კი აიღებს სტარტს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 10 სექტემბერს დასრულდება – გვაქვს ფიზიკური და მორალური მზაობა იმისა, რომ ტურნირის ბოლომდე ჩვენი ნაკრები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი

არ გაჩერდე, გააგრძელე კითხვა